განგაში! – “აცრა სავალდებულო გახდება”
უკვე ორი დღეა ქვეყანაში კორონავირუსის საგანგაშო მაჩვენებელი ფიქსირდება, რომელიც სპეციალისტებს აფიქრებინებს, რომ რთული მეხუთე ტალღა დაიწყო - იმის გამო, რომ არცერთი კატეგორიისთვის ვაქცინაცია სავალდებულო არაა და აცრების ტემპიც დაბალია, ჯანდაცვის ექსპერტები საგანგაშო სცენარზე საუბრობენ, რომელიც მათივე გათვლებით, შესაძლოა ფატალურად დამთავრდეს.
კორონავირუსული ვითარება ყველა მაჩვენებლითაა გაუარესებული, ოთხშაბათის მონაცემებით, 4837 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 26 პაციენტი, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 9.79%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 6.95% ხოლო 7 დღის მანძილზე - 8.52%. მაღალი იყო ინფიცირება სამშაბათსაც, ამ დღის მონაცემებით დაინფიცირდა 4774 და გარდაიცვალა 37 პაციენტი.
დაბალია ვაქცინაციის ტემპი, 13 ოქტომბრის დილის მონაცემებით, 24 საათში აიცრა 6837 ადამიანი, ამის გამო რეგიონებში დაწყებულია შეხვედრები, რათა აცრებზე სწორი ინფორმაცია თითოეულ მოსახლეს მიეწოდოს.
ქობულეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ჩაქვისა და ოჩხამურის მოსახლეობას, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მოადგილე პაატა იმნაძე, აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მარი ზანაქიძე, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი რუსუდან შავიშვილი და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის სამმართველოს უფროსი ნინო გუგუშვილი შეხვდნენ და ვაქცინაციის აუცილებლობასა და ქვეყნის მასშტაბით დაგეგმილ მარათონზე ესაუბრნენ.
„კორონავირუსის ახალი შემთხვევები მატულობს, რომ არ განმეორდეს გასული პერიოდი, უმნიშვნელოვანესია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა. ამისათვის რაიონული დონიდან გადავდივართ, სოფლის მოსახლეობასთან აქტიურ შეხვედრებზე. მალე დაიწყება ე.წ. მარათონი საქართველოს დიდ სოფლებში.
„ყველას ჩართულობით, ეს იქნება სამედიცინო პერსონალი, პედაგოგი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი თუ სხვა აქტიური მოქალაქე, უნდა მივიტანოთ ინფორმაცია თითოეულ აუცრელ ადამიანამდე, რათა დროულად ჩაიტარონ ვაქცინაცია თავიანთი სიცოცხლისა და გარშემომყოფების დასაცავად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.
„მიმდინარე კვირიდან დაიწყო მარათონის წინამოსამზადებელი შეხვედრები, აქტიურად ვხვდებით მიზნობრივ ჯგუფებს და ერთად განვიხილავთ ყველა აუცილებელ საკითხებს. შეხვედრები ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობს და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ ვაქცინაციის ირგვლივ მიიღონ ამომწურავი პასუხები.
„მსგავსი საინფორმაციო შეხვედრები ეფექტურია, რომლის შემდგომ ხდება ვაქცინების ადმინისტრირება", - აღნიშნა აჭარის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, მარი ზანაქიძემ.
სპეციალისტების განმარტებით, კორონავირუსის მეხუთე ტალღა იმითაც იქნება რთული, რომ გრიპის სეზონი ემთხვევა, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძრვანელის ამირან გამყრელიძის განმარტებით, შარშან გრიპის სეზონმა იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა", წელს პროგნოზირებენ, რომ გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ტერმინი „ტვინდემია".გამყრელიძის ინფორმაციით, ქვეყანამ 200 000 გრიპის ვაქცინის დოზა იყიდა, რომლიდანაც 43 000 უკვე შემოსულია.
„გუშინ გამოვიდა ბრძანება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის შესაბამისი პროცედურის შესახებ და ამ კვირაში იწყება სამი რისკ ჯგუფის აცრები. ეს ჯგუფებია: სამედიცინო პერსონალი, ორსულები და დიალიზზე მყოფი პაციენტები.
„შემდეგ 20-დან 25-მდე დაახლოებით ამ პერიოდში ველოდებით დანარჩენ 160 000 დოზას გრიპის ვაქცინისას და ის უკვე განაწილდება იმ დანარჩენ რისკ ჯგუფებზე, როგორიც არიან ქრონიკული დაავადების პაციენტები, ბავშვები, რომლებიც რისკ ჯგუფებში შედიან და ასევე სხვადასხვა რისკ ჯგუფები. ეს ყველაფერი არის უფასო.
„ამასთან, იმედი გვაქვს, რომ ვაქცინის შესაბამის დოზებს შემოიტანს კერძო სექტორი, რათა უფრო მეტი ადამიანი მოვიცვათ. შარშან გრიპის სეზონმა შედარებით იოლად ჩაირა, რადგან გრიპი კოვიდმა „დაჩაგრა" და თითქმის არ გვქონდა. წელს როგორც პროგნოზირებენ, გრიპი უფრო სერიოზულად იქნება, ამიტომ განიხილება ის ტერმინი რომელზეც დამცინით, მაგრამ არის ეს ტერმინი დამკვიდრებული - „ტვინდემია", - განაცხადა გამყრელიძე.
ეპიდემიოლოგი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ თუ კორონავირუსზე ვაქცინაცია სწრაფი ტემპით არ წავიდა, ყველაფერი იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა კორონავირუსის მეხუთე ტალღა ქვეყნისთვის სავალალო აღმოჩნდეს.
„ორი საკითხია, ერთია ადამიანებს აცრა, რომ დაავალო, ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით ეს უფლებას არ გაძლევს, მეორე - როცა სახელმწიფოს მოსახლობას ფიზიკური განადგურება ემუქრება, მიმაჩნია, რომ ადრე თუ გვიან მოვა ის დრო, რომ აცრა სავალდებულო გახდება.
„ინფექცია უკვე იმ ხალხს მოედო, ვინც აუცრელი დარჩა, ეს ყველაფერი კი ძალიან ცუდად დამთავრდება, რადგან საქმე ბევრად უფრო გაძლიერებულ ვირუსს ეხება, რომელსაც ძალიან აქტიური გადადების უნარი აქვს, 70-ჯერ უფრო მეტი გადამდებლობა აქვს, სახელმწიფოს მხრიდან მხოლოდ ლატარიის გათამაშება ეტყობა საკმარისი არაა, რომ ვაქცინაციისთვის ხალხი მოიზიდოს.
„ამიტომაც, ვფიქრობ, რომ რაღაც კანონი უნდა შეიქმნას, პირველ რიგში კი ის პერსონალი უნდა აიცრას, რომელთანაც ხალხს უშუალო კონტაქტი აქვს და ბევრი ადამიანი ურთიერთობს, ეს მხოლოდ მასწავლებლებს და ექიმებს არ ეხება, ესენი არიან ასევე რესტორნის თანამშრომლები, მძღოლები და ა.შ.
„ისეთი ვითარებაა, დარწმუნებული ვარ, რომ ალბათ სახელმწიფო იმ დონემდე მივა, რომ აცრა სავალდებულო გახდება, სხვა გზას და გამოსავალს ვერ ვხედავ, თუმცა მაქსიმალური გათვალისწინება უნდა მოხდეს ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მიეცეს საშუალება, რომ ვაქცინა აირჩიოს. გინდა არ გინდა ამ ვაქცინით აიცერიო, ეს არ უნდა იყოს" - თქვა ხმალაძემ.
კითხვაზე თუ აცრა სავალდებულო არ გახდა რა სცენარია მოსალოდნელი, ეპიდემიოლოგი პასუხობს, რომ ასეთ შემთხვევაში საგანგაშო სცენარია მოსალოდნელი.
„მშვენივრად ვხედავთ, რაც ხდება, ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს და იმატებს, კიდევ ერთი ახალი ტალღა იქნება, რომელიც მთლიანად იმ ხალხს გადაუვლის, რომელიც აცრილი არ იქნება, რადგან აშკარად ძალიან მაღალი სიკვდილიანობაა.
„ნუ გვავიწყდება ის, რომ როცა ინფიცირებულთა დიდი რაოდენობაა, მათი დახმარებაც ძალიან რთულდება, ელემენტარულად ექიმების ფსიქოლოგიური და ფიზიკური რესურსი პრაქტიკულად ამოწურულია, ადამიანი რობოტი არაა, ამიტომაც თუ ასე გაგრძელდა, ძალიან გაგვიჭირდება, რადგან თვითონ სამედიცინო რესურსი შესაძლოა იმ დიდ ტალღას არ ეყოს, რომელიც მოსალოდნელია,"- განაცხადა ხმალაძემ.
„რეზონანსთან" საგანგაშო პროგნოზს აკეთებს ექიმი ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავაც.
„იქიდან გამომდინარე, რომ ვაქცინაციის ტემპი კატასტროფლად დაბალია, მოსალოდნელი იყო, რომ ეპიდსიტუაცია რაღაც მომენტში გაუარესდებოდა, რისი ნიშნებიც უკვე გვაქვს, შესაძლოა ვივარაუდოთ, რომ მეხუთე ტალღა უკვე დაიწყო და ჩვენ 2-3 კვირა საკმაოდ მძიმე გველის, ანუ დღის განმავლობაში რამდენიმე ათასი პაციენტი, რაც ჰოსპიტალიზაციის ზრდაზეც აისახება.
„ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა ეს პრობლემა დროულად გააცნოიბიერონ და ვაქცინაციის პროცესში ჩართვა დროულად მოხდეს. რა თქმა უნდა, სახელმწიფომაც თავისი მუშაობა უნდა გაააქტიუროს. განსაკუთრებით რეგიონებში, რაც როგორც მოვისმინეთ იგეგმება, რომ დიდ სოფლებში აქტიური კამპანიები დაიწყოს. ეს კარგია მაგრამ ჩემი აზრით ცოტა დაგვიანებულია, კარგი იქნებოდა თუ ეს ზაფხულიდან დაიწყებოდა.
„მაშინ რომ უფრო მეტ ადამიანს ჩაეტარებინა ვაქცინაცია, სავარაუდოდ ასეთი სურათი არ გვექნებოდა, თუმცა, რაც გვაქვს ეს გვაქვს და ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ, რაც შეეხება ჰოსპიტალურ სექტორს, სამწუხაროდ კიდევ ერთი დიდი ტალღისა და დარტყმის გადატანა მოუწევს," - განაცხადა გოგინავამ.
უმძიმესი პროგნოზი აქვს ალერგიოლოგ იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვსაც, იგი სოცქსელში წერს, რომ შემდეგ ორ თვეში სულ მცირე 2 ათას საქართველოს მოქალაქეს კოვიდიოთ სიკვდილი ელოდება.
„ცივილური საზოგადოებების არჩევანი - ვაქცინით მიღწეული იმუნიტეტი! ჩვენი საზოგადოების არჩევანი - ბუნებრივი გზით მიღწეული იმუნიტეტი! შემდეგ 2 თვეში სულ მცირე ჩვენი ქვეყნის 2000 მოქალაქეს ელოდება კოვიდით სიკვდილი.
„პირველი არჩევანის შემთხვევაში შეგვიძლია გადავარჩინოთ - 1800 ადამიანის სიცოცხლე. ვაქცინირებულებში -10X მცირდება სიკვდილის შანსი, აუცრელებთან შედარებით! გააკეთე სწორი არჩევანი სიცოცხლისთვის!- წერს კულუმბეგოვი.