ვინ არის 28 წლის ქალი, რომელიც ქმრის სასტიკი მკვლელობის საქმისთვის დააკავეს - სკანდალური მკვლელობის დეტალები
ქმრის მკვლლეობის დაფარვის ბრალდებით ახალგაზრდა ქალი დააკავეს - რამდენიმე საათის წინ სამართალდამცველებმა ხელბორკილი დაადეს. გამოძიების მიხედვით, 28 წლის ქალმა ქმრის მკვლლეობის დასაფარად მტკიცებულებები დამალა და გაანადგურა.
ეს სასტიკი დანაშაული კი კასპში 13 მარტს მოხდა. 33 წლის ნოდარ ღუნაშვილის განზრახ მკვლელობის ფაქტზე მისივე მეზობელი და ბავშვობის მეგობარია დაკავებული.
გამოძიება ამტკიცებს, რომ მეგობარმა მამაკაცი მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის და გამოძიების შეცდომაში შეყვანის მიზნით ცხედარი ხევში გადააგდო. გარდაცვლილი ღუნაშვილი მწყემსმა იპოვა.
გამოძიების ინფომაციით, დაკავებული ქეთი ჩხაიძე მკვლელთან ერთად მოქმედებდა. მოკლული ღუნაშვილის ოჯახი ამ ვერსიას მკვლელობიდან რამდენიმე დღეში უკვე ეჭვობდა. ისინი მედიასთან ამბობდნენ, რომ არაა გამორიცხული მკვლელი თავად ცოლიც ყოფილიყო, რომელმაც ქმრის ცხედრის თავიდან მოშორებისთვის მეზობელი დაიხმარა.
მათი აზრით, გარდაცვლილმა გაიგო, რომ ცოლს და მისი ბავშვობის მეგობარს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა და სწორედ კონფლიქტის დროს ცოლმა ქმარს თავის არეში ჯერ ბლაგვი საგნით დაზიანებები მიაყენა, შემდეგ კი ის დანით მოკლეს. გარდაცვლილს ყელის და სხეულის სხვა მიდამოებში ბასრი საგნით რამდენიმე ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
ოჯახი ამტკიცებს, რომ სახლში მისულ სამართალდამცველებს ოთახი იდიალურად სუფთა და დალაგებული დახვდათ. თუმცა ცოლ-ქმრის ოთახსა და აბაზანაში სისხლის მოწმენდილი ლაქები იპოვეს.
ამიტომაც ჩნდება ეჭვი, რომ მკვლლეობის ადგილი სწორედ სახლი იყო. ცოლი კი ჩვენებაში ყვება, რომ ქმარი წაიქცა და თავი დაარტყა. მას ცხივირიდან სისხლდენა აუტყდა და აბაზანაში მოსაბანად შეიყვანა. მან დახმარება მეზობელს სთხოვა. ისინი სახლიდან ერთად გავიდნენ, მას შემდეგ კი ქმარი აღარ უნახავს. ის მეორე დღეს გარდაცვლილი იპოვეს.
„ამ ვერსიას რამდენი ხანია ვამბობთ. ეს არის დღესავით ნათელი ფაქტი. მართალია ცოტა მომეშვა, მაგრამ გაგრძელება უნდა ჰქონდეს. ეს ქალი სათანადოდ უნდა დაისაჯოს.
“განა მარტო იმისთვის რომ ქმარი მოკლა, არამედ იმიტომაც, რომ თურმე მე სახლში მივუვარდი და შვილები შევუშინე. ქალმა, რომელმაც შვილების თვალწინ მათი მამა მოკლა და გადაადგდო, ახლა შვილები ადარდებს? რა ადამიანების კატეგორიას მიეკუთვნება წარმოდგენაც არ მაქვს.
“ის ისე უნდა დაისაჯოს, როგორც საჭიროა. უკან არ დავიხევ, უმაღლესი სასჯელით უნდა დაისაჯოს. ეს ქალი არის ცივსისხლიანი მკვლელი, რომელიც ცინიკურად კიდევ აქეთ დავობს“, - აცხადებს მოკლული ღუნაშვილის დედა.
დაკავებულს კი გამოძიება 375-ე მუხლით ედავება, რომელიც დანაშაულის დაფარვას გულისხმობს. მას ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ციხეში 6 წლით პატიმრობა მოუწევს. ის გორის წინასწარი დაკავების იზოლატორში უკვე გადაიყვანეს. ბრალს არ აიღიარებს და ამბობს, რომ საქმეში მხოლოდ მოწმეა, რომელმაც გამოძიებასთან ითანამრომლა და რაც იცოდა ყველაფერი თქვა.